Sunday November 19, 2017

 

პირველი პროექტის აღწერა

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კომპიუტერული ცენტრების გახსნა საქართველოს 300 უმსხვილეს სოფელში. თითოეული ცენტრი დაკომპლექტებული იქნება ორი ადამიანისგან, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურებიან. აღნიშნულ ცენტრებს „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება“ უფასოდ გადასცემს საჭირო კომპიუტერულ ტექნიკას, უზრუნველყოფს უფასო ინტერნეტით და ტექნიკური მხარდაჭერით. ამის სანაცვლოდ შერჩეული კანდიდატები უზრუნველყოფენ კომპიუტერული ცენტრის მოწყობის ფართს და სხვადასხვა ფუნქციის განხორციელებას.

 

კერძოდ, კომპიუტერულ ცენტრს რამდენიმე ტიპის ძირითადი ფუნქცია ექნება: 

  1. საგანმანათლებლო ფუნქცია: ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას ასწავლიან როგორ გამოიყენონ კომპიუტერული ტექნოლოგიები სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად და გასავრცელებლად, განათლებისა და კონკრეტული ეკონომიკური სარგებლის მისაღებად. კერძოდ, ცენტრი მოსახლეობას შესთავაზებს ვიდეო გაკვეთილებს, შემეცნებით ფილმებსა და საინტერესო აუდიო ლიტერატურას; ასწავლის კომპიუტერის მოხმარებას, სასურველ საიტებზე დარეგისტრირებას, მარტივი ვებ-გვერდების აწყობას, პროგრამირების საფუძვლებს და სხვა; გააცნობს საძიებო, საინფორმაციო და ელექტრონული ვაჭრობის საშუალებებს;
  2. ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის ხელშეწყობა: კომპიუტერული ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ელექტრონული ვაჭრობის განვითარების კუთხით. კერძოდ, ცენტრის თანამშრომლები დაეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას  ინტერნეტის საშუალებით შეიძინონ და გაყიდონა სასურველი პროდუქცია, იპოვონ ბიზნეს პარტნიორი, გაავრცელონ სასურველი ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით, და სხვა.
  3. სერვისების ხელმისაწვდომობა: კომპიუტერული ცენტრის საშუალებით მოსახლეობა მრავალ სერვისს სოფლიდან გაუსვლელად მიიღებს. კერძოდ, ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობას შესთავაზებენ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების ნებისმიერ ონლაინ სერვისს; ასევე, გაწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას სასურველი მომსახურების შესახებ. მაგალითად, რა საბუთებია საჭირო, სად შეიძლება მოთხოვნილი დოკუმენტის მოძიება, რა დროით და ფინანსურ დანახარჯთან არის დაკავშირებული და ა.შ.    გარდა ამისა, კომპიუტერულ ცენტრში შესაძლებელი იქნება ისეთი მომსახურებებით სარგებლობა, როგორიც არის ასლის გადაღება, დოკუმენტის ამობეჭდვა და დასკნარება, სკაიპით სარგბელობა და სხვა.
  4. მოსახლეობასთან კომუნიკაცია: კომპიუტერული ცენტრის საშუალებით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები შეძლებენ ადგილობრივ მოსახლეობაში სასურველი ინფორმაციის გავრცელებას. ამგვარად, სოფლის მოსახლეობა შეძლებს უახლესი ინფორმაციის მიღებას სხვადასხვა საკითხზე. გარდა ამისა, ცენტრის თანამშრომლები დაეხმარებიან ორგანიზაციებს აწარმოონ კვლევები და მიიღონ სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია.

კომპიუტერული ცენტრის შემოსავლის ძირითად წყაროდ განიხილება მომსახურებების საკომისიო. ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრის თანამშრომლებს შეეძლებათ აწარმოონ ნებისმიერი სახის მომსახურება დამატებითი შემოსავლის მისაღებად. 

კომპიუტერულ ცენტრებს ეკრძალებათ ალკოჰოლის, თამბაქოს და სხვა პროდუქტების გაყიდვა; კომპიუტერების ქსელური და გასართობი თამაშებისთვის გამოყენება; ცენტრის ტერიტორიაზე მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და აზარტული თამაშების მოწყობა.

 

 


View კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება in a larger map

საკონტაქტო ინფორმაცია:

 თბილისი,

ილია ჭავჭავაძის გამზირი 74 თბილისი 

email: info@taoba.ge

mobil: +995 595 00 40 50

www.facebook.com/taoba.ge

www.taoba.ge 

2012-2013 

S5 Box