Thursday July 20, 2017

კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების

სადამფუძნებლო დეკლარაცია

თანამედროვე სამყაროში ადამიანთა კეთილდღეობა ემყარება მდგრად ეკონომიკას, განვითარებულ სოციალურ და კულტურულ გარემოს, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მაღალ ხარისხს. ამ ღირებულებათა უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია სრულყოფილი, თანამედროვე განათლების მქონე საზოგადოება, რომელშიც თითოეულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს მიაღწიოს მისი პოტენციალის მაქსიმუმს, რაც წარმოუდგენელია კომპიუტერისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების საყოველთაო ცოდნის გარეშე. 

კომპიუტერი და საინფორმაციო ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების მრავალი სფეროს განუყოფელი ნაწილი გახდა. თანამედროვე, განათლებული საზოგადოება ნიშნავს კომპიუტერისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანებს. 

XIX საუკუნეში ქართული საზოგადოების ყველაზე პროგრესული და თვალსაჩინო წარმომადგენლების მიერ, წერა–კითხვის ცოდნა მიჩნეულ იქნა ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად იმდროინდელი საქართველოსთვის. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ 1879 წელს დაფუძნდა „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომლის საქმიანობამ ფასდაუდებელი გავლენა მოახდინა განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებაზე და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართულ საზოგადოებაში ეროვნული სულისკვეთების გაღვივების საქმეში. წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი კი იმდროინდელი საქართველოს ინტელექტუალური, შემოქმედებითი და ფინანსური ელიტის, საქართველოზე შეყვარებული სხვა მრავალი ადამიანის ერთსულოვნება და უდიდესი ძალისხმევა იყო. 

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ თანამედროვე სამყაროში კომპიუტერის ცოდნის გავრცელება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც XIX საუკუნის მიწურულს წერა–კითხვის სწავლება და გავრცელება იყო. სწორედ ამიტომ, 

ვიღებთ რა მხედველობაში კომპიუტერის ცოდნის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობას თანამედროვე განათლების მიღებისა და მეცნიერების განვითარებისთვის, რის გარეშეც წარმოუდგენელია საქართველოს, როგორც თანამედროვე, სრულფასოვანი და ძლიერი სახელმწიფოს არსებობა;

ხაზს ვუსვამთ რა კომპიუტერის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობას ეკონომიკის მრავალი სფეროს განვითარებისთვის და ადამიანთა დასაქმების უზრუნველყოფისთვის;

ვაღიარებთ რა კომპიუტერის და ინფორმაციული ტექნოლოგიების შესაძლებლობებს დემოკრატიული პროცესების განვითარებასა და ღია/გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველყოფაში;

გვჯერა რა საყოველთაო ცოდნისა და საყოველთაო განათლების მნიშვნელობის, როგორც ქვეყნის განვითარების საფუძვლის;

ვითვალისწინებთ რა იმ დადებით გავლენას, რაც კომპიუტერის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნას აქვს ადამიანთა კეთილდღეობაზე და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე;

ვაცნობიერებთ რა თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის საჭიროებას და მნიშვნელობას საქართველოს თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ;

ვამაყობთ რა ღირსეულ წინაპართა ღვაწლით;

ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა საქართველოში კომპიუტერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნის გასავრცელებლად, რისთვისაც

ვაფუძნებთ „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებას“ და მის საქმიანობაში მონაწილეობას ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც იზიარებს ჩვენს მიზნებს. 


View კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება in a larger map

საკონტაქტო ინფორმაცია:

 თბილისი,

ილია ჭავჭავაძის გამზირი 74 თბილისი 

email: info@taoba.ge

mobil: +995 595 00 40 50

www.facebook.com/taoba.ge

www.taoba.ge 

2012-2013 

S5 Box